თბილისის მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი - 2016.

თბილისის მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი - 2016.

სამეცნიერო ფესტივალის თარიღი: 2016 წლის 19-26 სექტემბერს. 
სამეცნიერო ფესტივალის მნიშვნელობა:
2016 წლიდან საფუძველი ეყრება მნიშვნელოვან ტრადიციას: ჩვენი ქალაქი უმასპინძლებს მეცნიერების საერთაშორისო ფესტივალს და შეუერთდება მსოფლიოს იმ წამყვანი ქალაქების რიცხვს, სადაც ანალოგიური ფესტივალები ტარდება. 
  • სამეცნიერო ფესტივალის მიზნები:
  • სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების პოპულარიზაცია;
  • ქვეყნის სამეცნიერო და ინოვაციური პოტენციალის წარმოჩენა;
  • ქართველ და უცხოელ მკვლევართა მიღწევების გაცნობა ფართო საზოგადოებისათვის;
  • საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება;
  • მკვლევართა მოტივაციის ზრდა;
  • ახალგაზრდების, სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების დაინტერესება სამეცნიერო კვლევებითა და ინოვაციებით;
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დაახლოება.
სამეცნიერო ფესტივალის მონაწილეები:
სამეცნიერო ფესტივალში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს და უცხოეთის სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებს, სამეცნიერო-კვლევით ცენტრებს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას და საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემიას, საქართველოსა და მსოფლიოს წამყვან მუზეუმებს, გამომცემლობებს, ბიბლიოთეკებს, აგრეთვე მეცნიერებისა და ხელოვნების სფეროს ქართველ და უცხოელ წარმომადგენლებს და სხვ. ფესტივალის მონაწილეთა და ღონისძიებათა შერჩევა მოხდება კონკურსის საფუძველზე, ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარი საერთაშორისო კომისიის მიერ.
 
სამეცნიერო ფესტივალის ღონისძიებები:
კონფერენცია, საჯარო ლექცია, სემინარი, ტრენინგი, ვორკშოპი, პრეზენტაცია, სამეცნიერო-პოპულარული ექსპერიმენტი, გამოფენა, პერფორმანსი, წარმოდგენა, სამეცნიერო-პოპულარული ლექცია-სემინარი, ღია კარის დღე, სამეცნიერო კაფე, სამეცნიერო შოუ, კონკურსი, ვიქტორინა, სპეციალური ღონისძიებები სკოლის მოსწავლეებისთვის და სხვ.
საერთაშორისო კომისიის მიერ შერჩეული საჯარო ლექციები და/ან მოხსენებები წარმოდგენილი იქნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე.
 
სამეცნიერო ფესტივალის ჩატარების ადგილი:
სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების, საქართველოს ეროვნული მუზეუმის შესაბამისი სივრცეები, ბიბლიოთეკები, სასტუმრო, სახელოვნებო, საგამოფენო და სპორტული კომპლექსები და სხვ.
 
სამეცნიერო ფესტივალის დაფინანსება:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და/ან სხვა რომელიმე სახელმწიფო უწყების უშუალო მონაწილეობითა და ორგანიზებით განხორციელებული ღონისძიება დაფინანსდება ფესტივალის ბიუჯეტიდან. სხვა საფესტივალო ღონისძიებების დაფინანსება მოხდება შესაბამისი ღონისძიების ორგანიზატორი ორგანიზაციის/ორგანიზაციების მიერ.
 
სამეცნიერო ფესტივალის პრიორიტეტები:
  • მონაწილეთა შერჩევის დროს უპირატესობა მიენიჭება ღონისძიებებს, რომლებიც შეესაბამება სამეცნიერო ფესტივალის შემდეგ პრიორიტეტებს:
  • ქართული და უცხოური მეცნიერების უახლესი მიღწევები და აღმოჩენები;
  • ინტერდისციპლინურობა და კლასტერულობა: ამა თუ იმ აქტუალური თემის/პრობლემის ირგვლივ დაგეგმილი ინტერდისციპლინური ღონისძიება და/ან ღონისძიებათა ციკლი (მაგალითად, სხვადასხვა დარგის მეცნიერების და ხელოვანთა თვალით დანახული „ვეფხისტყაოსანი“; სინათლის ფენომენი ხელოვნებაში, საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში და სხვ.);
  • შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილე;
  • ქართველოლოგია უცხოეთში;
  • ქართველოლოგია და კვლევის უახლესი ინტერდისციპლინური მეთოდები;
  • ქართველი მეცნიერების წვლილი მსოფლიო მეცნიერების განვითარებაში (ბოლო 5 წლის განმავლობაში);
  • აქტუალური სამეცნიერო შინაარსის მქონე, ვიზუალურად ეფექტური, საფესტივალო და სადღესასწაულო განწყობის შემქმნელი ღონისძიება;
  • სამეცნიერო ღონისძიება შოუს ელემენტებით;
  • სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების სამეცნიერო პროცესებში ჩართულობის ამსახველი ღონისძიება;
  • უპირატესობა მიენიჭება აგრეთვე სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და/ან სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მიერ ერთობლივად განსახორციელებელ ღონისძიებებს.
სამეცნიერო ფესტივალის მნიშვნელოვანი ვადები:
მონაწილეთა მიერ საფესტივალო განაცხადის წარდგენა ელექტრონულად სარეგისტრაციო ფორმის შესაბამისად: 30 აპრილი (დაგვიანებით წარმოდგენილი განაცხადები არ მიიღება)
ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმის გამოქვეყნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდზე: 19 თებერვალი
გადაწყვეტილების მიღება საერთაშორისო კომისიის მიერ: 31 მაისი
ფესტივალის საორგანიზაციო საკითხების მოგვარება და პროგრამის შემუშავება: 31 ივლისი 
სამეცნიერო ფესტივალის სარეკლამო კამპანია: 1 ივლისი - 26 სექტემბერი
სამეცნიერო ფესტივალი: 19-26 სექტემბერი
სამეცნიერო ფესტივალის საკონტაქტო პირი:
ფესტივალის პროგრამა: თეა ტარიელაშვილი, 5 77 67 10 87, ttarielashvili@mes.gov.ge